მთავარი ყველა სიახლე ქართული პროგრამა 2017

ქართული პროგრამა 2017

02 ოქტომბერი, 2017

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსის გადაცემა, საქართველოს პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია, თანამედროვე ქართველი ავტორების მარათონი, კლასიკოსი მწერლების ახალი თარგმანების პრეზენტაციები - საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 10-15 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, 15-მდე სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის ღონისძიებაა დაგეგმილი.

წელს პირველად გაიმართება თანამედროვე ქართველი ავტორების ლიტერატურული მარათონი, რომელშიც ზურაბ ქარუმიძე (Dagny or A Love Feast), ნესტან (ნენე) კვინიკაძე (ისპაჰანის ბულბულები), ბექა ადამაშვილი (ბესტსელერი), სალომე ბენიძე (ქალაქი წყალზე) და ლაშა ბუღაძე (Lucrecia515) საკუთარ უახლეს გერმანულენოვან თარგმანებს წარადგენენ. დაგეგმილია ქართველი კლასიკოსი მწერლების ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების კრებულისა და გრიგოლ რობაქიძის „კავკასიური ნოველების“ თარგმანების პრეზენტაციები.  ქართული პროგრამის ფარგლებში, ჩატარდება გერმანია-საქართველოს წლისადმი მიძღვნილი დისკუსია, ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრსა და LTI Korea-ს შორის, გაიმართება საქმიანი შეხვედრები ქართველ და უცხოელ გამომცემლებს შორის. 
   
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს ოფიციალურად წარუდგენს საქართველოს, როგორც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარ ქვეყანას. პირველ პრესკონფერენციაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი, საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი გამართავენ. წამყვან ევროპულ მედია-საშუალებებთან მიხეილ გიორგაძე პროექტის მნიშვნელობასა და დაგეგმილ კულტურულ პროგრამაზე ისაუბრებს, მედეა მეტრეველი კი პროექტის კონცეფციას და ძირითად გზავნილებს, ოფიციალურ ვებგვერდს, ანიმაციურ ვიდეო-რგოლს და ლიტერატურულ პროგრამას წარადგენს. პრესკონფერენციაზე მწერლისა და ლიტერატორის პერსპექტივიდან ისაუბრებს ქართული წარმოშობის გერმანელი ავტორი ნინო ხარატიშვილი.  

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის დასასრულს, კი საქართველოს საფრანგეთისგან ოფიციალურად გადაეცემა  2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი. ოფიციალური ცერემონიალი რამდენიმე ნაწილისგან შედგება და მასში ფრანგი და ქართველი ავტორები,  ფრედერიკ ბოიე და დავით გაბუნია, საქართველოსა და საფრანგეთის საპატიო სტუმრის პროექტების ხელმძღვანელები, მედეა მეტრეველი და პოლ დე სინეტი და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი, იურგენ ბოსი მონაწილეობენ. ღონისძიების ბოლოს საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ხელმძღვანელს მედეა მეტრეველს საპატიო სტუმარი ქვეყნის გრაგნილს გადასცემენ, რომელზეც შოთა რუსთაველის ციტატა იქნება დატანილი.

ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვითების, ვინ ების.
უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.
 
ცერემონიალი ქართველი მუსიკოსის, ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის  მიერ შესრულებულ მუსიკალურ პერფორმანსით დასრულდება. 2017 წლის ოქტომბრიდან ოფიციალურად დაიწყება საპატიო სტუმრის სტატუსით ქართული ლიტერატურისა და კულტურის წარდგენა გერმანულენოვან ევროპაში.​

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად მოლაპარაკებები ქართულმა მხარემ 2010 წლიდან, ოფიციალური სამზადისი კი 2014 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყო.   

2017 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული პროგრამის მხარდამჭერები არიან: საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ქართუ, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, კონრად ადენაუერის ფონდი, კომპანია Weinland Georgien, ღვინო „ბუნებური“.

ყველა სიახლე