ზღვა
საქართველო ზღვის ქვეყანაა.
საქართველოს დასავლეთი, ძველი კოლხეთი მთლიანად ეკვრის შავ ზღვას. ქართველები შავი ზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობაა. აღარსადაა ქართველების ოდინდელი ამ ზღვის მონაპირე მეზობლები, რომელთა სამეფოებიც ისტორიამ შთანთქა. საქართველო კი როგორღაც შერჩა ამ ზღვის პირს.  სხვა  საქმეა, რომ ქართველებისთვის ზღვისპირელობა უფრო ხიფათი იყო, ვიდრე უსაფრთხოება.
ისტორიული ქარტეხილი იმასაც  გვეუბნება, რომ კოლუმბმა სწორედ მას შემდეგ გაცურა ინდოეთისკენ, როცა ოტომანებმა შავი ზღვის მსოფლიოსთან მაერთებელი ბოსფორი ჩაკეტეს. ამან კი შავი ზღვა  საქართველოსთვის ტბად  აქცია.
ამ ხუმრობის მიღმა კი, საქართველოსთვის ზღვა ძვირფასიცაა და მაგიურად მძიმეც, რადგან ის ხშირად იქცეოდა ხოლმე გაუვალ ხერგილად ევროპისკენ სავალ გზაზე. იმავდროულად კი რჩებოდა  ერთადერთ გზად, რომელიც ამ ქვეყანას ევროპასთან აკავშირებდა.