ღია
ღია საზოგადოება, ღია სამყარო, ღია ურთიერთობები. ეს ისაა, რაც საქართველოს თითქოს მეტი მოეთხოვება დღევანდელ სამყაროში. ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკოსები მეტი სიღიავისკენ მოუწოდებენ დახურულ საბჭოთა სისტემაში სამოცდაათ წელიწადს ნაწვალებ ქვეყანას, რომელსაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც არ მისცემია საშუალება, რომ მეტ-ნაკლებად მაინც ჩაბმულიყო დასავლური სამყაროს  ცხოვრებაში.
საქართველო კი ყოველთვის ღია იყო უცხო კულტურებისთვის, უცხო ხალხისთვის, უცხო  ფიქრისთვის. ამას მოწმობს მისი ცხოვრების ლამის ყოველი სფერო.
თუ საქართველოში კარი ღიაა, ის ბოლომდეა ღია. ეს ნიშნავს, რომ გულიც ღიაა. უცხოელთაგან აღნიშნული ქართველთა სტუმართმოყვარეობა, აქ ყოფის ნაწილია და რაიმე განსაკუთრებულ თვისებად არ აღიქმება. უფრო წესად, რომლის დასაწყისიც აღარავის ახსოვს.
მოგზაურს ყოველთვის შეეძლო, ნებისმიერ კართან შეჩერებულიყო და დაეძახა: მასპინძელო! და იქ სასტურმოც იყო და ადგილიც, სადაც თბილა და სინათლეა.
ეგებ საკვირველია, მაგრამ ეს ახლაც ასეა.