ყინწვისის ანგელოზი 
ყინწვისი ძველისძველი ადგილია საქართველოს გულისგულში, არქაულობით მსუნთქავ სიჩუმეში.
საქართველო ძველ ტაძართა, საუკუნო ომებსა და შფოთს სასწაულებრივად გადარჩენილი საეკლესიო არქიტექტურის ქვეყანაა. ამ ქვეყანაში იშვიათია დაუვიწყარი პეიზაჟი ძველისძველი ტაძრის გარეშე, იმ განსაკუთრებული ხიბლის გარეშე ძველ ქართველ არქიტექტორთა ხელმა რომ შექმნა დიდ წვალებასა და არეულობას შორის ჩამოვარდნილ მშვიდობის დღეებში.
ქართული ქრისტიანული არქიტექტურა მეხუთე საუკუნიდან მოკიდებული ფართოდ იყენებდა მსოფლიოში გავრცელებულ არქიტექტურულ ფორმებსა და ხერხებს, თან კი ორიგინალურ ხუროთმოძღვრულ კომპოზიებსაც ქმნიდა. აქვე იყო კედლის მხატვრობაც, მონუმენტური, მძლავრი ხელოვნება, რომელმაც ერთგვარად დაწერა კიდეც საქართველოს სულიერი და საერო ისტორია. ბიბლიურ სიუჟეტებთან ერთად, ქართულ ფრესკებზე აღბეჭდილია მეფეთა, დიდებულთა გამოსახულებები.
თავისთავადი ხუროთმოძღვრული ტიპები, ენა, რომლითაც ქართველები თხრობდნენ საეკლესიო, თუ საერო ისტორიას შთამბეჭდავია ყველგან, სადაც კი ქართული ტაძარი დგას: აფხაზეთში, ტაო-კლარჯეთში, შიდა ქართლში. ბოლნისის სიონი (მე-5 ს.), მცხეთის ჯვარი (მე-6-მე-7. სს), ოშკი (10-ე ს.) ბიჭვინთა (10-ე ს.),  ილორი (11-ე ს.), სვეტიცხოველი (11-ე ს.) ბაგრატი (11-ე ს.), საფარა (13-ე ს.), ზარზმა (14-ე ს.), ანანური (16-ე ს.) სწორედ ამის მაგალითებია.
ყინწვისის მონასტრის 13-ე საუკუნის ტაძარი ასევე მოხატულია და იქ შემორჩენილია დიადი მეფე ქალის, თამარის ოთხთაგან ერთ-ერთი გამოსახულება. ეს საკმარისი იქნებოდა, რომ მონასტერი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ნიშნულად ქცეულიყო, თუმცა იქ არის სხვა რამ, უფრო დიდიც, დიადიც და მარადიულიც.
ესაა ფრესკა, რომელსაც უბრალოდ ყინწვისის ანგელოზს უწოდებენ. უცნობი შემოქმედის ნაწერი აღდგომის ანგელოზი თითქოს მართლაც უწონო, მშვიდი, დიდებული, ძალმოსილი და უბრალოა.  თითქოს ისაა საუკუნეთა ხიფათში გახლართული ტრაგიკული საქართველოს ოცნება ჰარმონიაზე: საოცნებო ნიშნული, რომელსაც ქვეყანა ესწრაფვოდა.