უბანი
ქართულ ქალაქებს ოდითგანვე ისეთი აგებულება ჰქონდა, რომ სიტყვა უბანი ძალიან სცილდებოდა ქალაქის რომელიღაც ნაწილის საქალაქო გეგმაზე დატანილ მოხაზულობას.
აქ უბანი არა მხოლოდ გეოგრაფიაა, არამედ სოციუმის ერთგვარი სამუდამო ერთობის კვლავაც ცოცხალი ადგილი, სადაც უამრავი რამ თითქმის ისეთივე შინაურულია, როგორც ოჯახში.
დღევანდელი ურბანიზაცია-ჯენთრიზაციის პირობებში, როდესაც საუკუნო უბნების ადგილს მრავალსართულიანი დასახლებები იკავებს, უბნის, როგორც ერთობის ფენომენი იქაა ცოცხალი, სადაც  ოდესღაც ქალაქები ფუძნდებოდა. 
საქართველოს ქალაქებში კვლავ ნახავთ უბნებს, სადაც სახლების კარებს არ კეტავენ, სადაც ადამიანები ქუჩაში გამოეფინებიან ხოლმე ჭირისა, თუ ლხინის დროს და სადაც სამეზობლო ურთიერთდახმარების სისტემა წვრილმანებამდე მუშაობს. ეს მომხიბვლელი, წარმავალი კულტურაა, რომელიც გვარიანად დაამახინჯა დიდი ქალაქების ულმობელმა სულმა, მაგრამ მაინც დაუტოვა შინაურობისა და ნდობის განუმეორებელი შეგრძნება.