თბილისი
თბილისი საქართველოს დედაქალაქია. თხუთმეტი საუკუნის წინ, მეფე ვახტანგ გორგასალმა მონადირებული ხოხობი თბილი წყლის ნაკადულში იპოვა. იმ ადგილას ახლა თბილისის საუკუნო გოგირდის აბანოები დგას. წყალი კვლავ მოედინება, განბანვის მსურველი კვლავ ბევრია. „თბილი“ ქართულად  თბილს ნიშნავს. ქალაქის სახელიც აქედანაა.
საუკუნეთა განმავლობაში ის უბრალო სამხედრო ფორტიც ყოფილა და მდიდარი საქარავნო ქალაქიც. თბილისი ისტორიულად ნაწვალებია, მრავალგზის გადამწვარი, დაპყრობილი და მოსახლეობა ამოჟლეტილი. საკვირველიც კია, რატომ იმეორებდნენ მოგზაურები მისი მისამართით ორ, თითქოს შეუფერებელ სიტყვას - სახლი სიხარულისა. ალბათ თბილისის სიხარულობის ერთ-ერთი უხილავი საყრდენი ისიც იყო, რომ ავად თუ კარგად მყოფი, ის ყოველთვის რჩებოდა მთელი კავკასიის შუაგულად, შემკვრელ, მაკავშირებელ ქალაქად.
ამავდროულად, აღმოსავლეთისთვის ის დასავლეთი იყო, დასავლეთისთვის კი აღმოსავლეთი, რამაც თბილისში კულტურათა მომხიბვლელი ნაზავი შექმნა და ქარავანთაგან დატოვებული სპარსული ჩალმა ჯვაროსნულ მუზარადს შემოახვია, გვერდიგვერდ დალოცვის საშუალება მისცა მუსლიმს, იუდეველს და ქრისტიანს.
ალბათ ამიტომაცაა ის მაინც სულ ცოცხალი, ფერადი, ემოციური და მოუხელთებლად  ვნებიანია, მაინც მელოდიითა და რბილი რომანტიკით სავსე.