ტყემალი
ტყემალი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ხილია. მსოფლიოში მას დიდად არ ჭამენ და, მითუმეტეს, მისგან არც საწებელს ამზადებენ. საქართველოში კი, ტყემლის საწებელი ყოველდღიურობის ნაწილია.
ამ საწებლის სტანდარტი არ არსებობს. მას იმდენი გემო აქვს, რამდენი ბებიაც არსებობს  საქართველოში. ტყემალი განთქმული ნოსტალგიური პროდუქტია უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის და ლამის ყოველი მესამე ამანათის აუცილებელი შემადგენელიცაა. კიდევ მეტი, გაზაფხულის საბოლოოდ და მტკიცედ დადგომის უტყუარი ნიშანი სწორედ ტყემლის მზადების დასაწყისია. ამ სახალისო რამეებს კი, ერთი უბრალო რამ უდევს საფუძვლად, არ არსებობს უგემური ტყემლის საწებელი, ისევე, როგორც არ არსებობს ცუდი ბებია.