სტალინიზმი
1937 წლის 22 ივლისს საქართველოს საბჭოთა მწერალთა სასახლის შენობაში შევიდა პოეტი პაოლო იაშვილი.
იმ დროს იქ მიმდინარეობდა მწერალთა სხდომა, რომელზეც მტერნი თუ მოყვარენი, იძულებით, თუ მონდომებით, პაოლო იაშვილის, როგორც ხალხის მტრის, საკითხს განიხლავდნენ. იმ დროს ასეთი კრებებიდან ერთი ნაბიჯი იყო დაპატიმრებამდე და წამებით სულის ამოხდამდე.  პაოლო იაშვილს თან ჰქონდა სანადირო თოფი. ის ავიდა შენობის ზედა სართულზე და თავი მოიკლა.
კრების თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ იაშვილმა თვითმკვლელობით პროვოკაცია მოაწყო. ეს დიდ ხარვეზად ითვლებოდა, რადგან მსხვერპლი ხელიდან გასხლტა. იაშვილის სიკვდილი სამარცხვინო გაქცევად, სამართლისადმი თავის არიდებად მოინათლა. საქმე გაიიოლაო.
მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან ოცდაათზე მეტი წლის განმავლობაში, საქართველო იმყოფებოდა პერმანენტული რეპრესიების, ხვრეტისა და წამების რეჟიმში. ანტისაბჭოთა აჯანყებების ჩახშობის, სოციალური თანასწორობის დამყარების, მერე კი ქვეყნის ხალხის მტრებისგან გაწმენდის მანქანამ საქართველოდან წაიღო იმდენი სიცოცხლე, რამდენსაც მისწვდა. ამ სიცოცხლეებთან ერთად კი წაიღო საუკეთესო აზროვნება, საუკეთესო ღირსება და  საუკეთესო სინდისი, რაც ამ ქვეყანას ეგროვებინა.
საქართველო იყო ერთი მანამდე, და სულ სხვა მერე. სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული,- წერდა პოეტი, როდესაც თითქოს ეს ყველაფერი დამთავრდა.
იაშვილმა თავი მოიკლა, არ მიანიჭა მათ მისი დასჯის სიამოვნება.