რუსთაველი
ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით შოთა რუსთველის შესახებ, იმის გარდა, რომ ის ცხრაასი წლის წინათ ცხოვრობდა. ეგებ სიცოცხლე იერუსალიმში დაასრულა, ქართველთა ჯვრის მონასტერში, რომლის კედელზეც შემორჩა მისი, თეთრწვერა მოხუცის, მონასტრის შემწირველის გამოსახულება.
ასეა, თუ არა, ის შორეული ეპოქის წარმოუდგენელი ინტელექტუალი ავტორია მაღალი პოეზიით და რენესანსის იდეალებით გაჯერებული 1600  სტროფიანი ეპიკური პოემისა, რომელსაც "ვეფხსიტყაოსანი" ჰქვია და რომელიც საუკუნეების მანძილზე კონსტიტუციად იქცა საერო საქართველოსთვის, ხოლო ქართული ლიტერატურისთვის სიმაღლის ნიშნულად. რუსთველის შემდეგ ქართველი მწერალიცა და მკითხველიც შედევრზე ორიენტირებული გახდა.
ქართული ლიტერატურა საქართველოსთვის ყოველთვის იმაზე მეტს ნიშნავდა, ვიდრე უბრალოდ ლიტერატურა. თექვსმეტსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ქართულ ლიტერატურას აღმოსავლური გავლენაც საკმაოდ განუცდია, ბიზანტიურიც, რუსულიც, საბჭოთა ეპოქის მარწუხებშიც ყოფილა, მაგრამ მისი ყველაზე შთამბეჭდავი ნიმუშები ყოველთვის შეიცავდნენ ხილულ ევროპულ მექანიზმებს და მისწრაფებებს. ეგებ რუსთაველი ამის ნიშნულიც იყო.
იყო ეპოქები, როცა მწერალი საქართველოში წინამძღოლიც იყო, წინასწარმეტყველიც, ქვეყნის მთავარი დამცველიც, მაშენებელიც და მთავარი იმედიც, ამ დროს კი მწერლობა მიაბიჯებდა რომანტიზმიდან ფუტურიზმამდე. ლიტერატურა წინ მიდიოდა, ებმოდა ევროპას.
იყო სხვა ეპოქებიც, როცა უცხოეთში გადაკარგული უდიდესი პოეტის მთელი სიცოცხლის ნააზრევი რაღაც განგებით ბრუნდებოდა ქვეყანაში და ახალი სისხლით ავსებდა ლიტერატურას.  ყველაფერი იყო, რადგან ეს ლიტერატურის ქვეყანაა.