პური
პური თონეში ცხვება. თონე ცილინდრული ფორმის ფართოპირიანი თიხის ნაკეთობაა, რომელსაც  მტკიცედ დგამენ მიწაში, მის ფსკერზე კი ცეცხლს ანთებენ. მცხობელები გახურებულ თონეში ჩაეკიდებიან  და მოზელილ ცომს  მოგრძო, ან მრგვალი ფორმისას, თონის შიდა, გახურებულ კედლებზე აკრავენ.
ასე ცხვება პური და ეთნოგრაფიულად საინტერესო პროცესია, თუმცა ქართული პური საქართველოში მხოლოდ ეთნოგრაფიული ნაშთი არ არის. თონის პური ყველაზე პოპულარული პროდუქტია ქვეყანაში.
თანაც, პური მხოლოდ პური არ არის. საქართველოს ბევრ რეგიონში, როდესაც გეტყვიან პური ვჭამოთო, პურს სულაც არ გულისხმობენ, არამედ სადილობას. აქედან კი იწყება ქართული სამზარეულო, რომელიც ეროვნული თვითაღქმის ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენს.
ქართული სამზარეულო ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც მთლიანად ქვეყანა. მას ძლიერი რეგიონალური ნიშანი ადევს, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მასთან ურთიერთობას. მაგალითად, კახურ ხაშლამას ვერაფრით დაუკავშირებ მეგრულ ღომს, იმერეთში გასინჯული ხაჭაპური კი ვერაფერს გეტყვის ხევსურული ხინკლის შესახებ.
ქართულ სამზარეულოში შეიძლება დალანდო მრავალი კვალი, ხმელთაშუა ზღვიდან ინდოეთამდე. მისი სიღიავე საუკუნეთა განმავლობაში ალბათ მართლაც შესაშური იყო, შედეგი კი საუცხოო გამოვიდა. სამზარეულო ის არის, რითაც ალბათ ყველაზე სწრაფად ცნობენ საქართველოს და მის გემოს.