მედეა
მედეა ისაა, ვისაც უძველესი დროიდან იცნობს მსოფლიო. მაგიური ცოდნით სავსე კოლხეთის პრინცესა, რომელმაც სიყვარულისთვის ყველაფერი დათმო და რომელმაც სიყვარულისთვის ყველაფერი გაიმეტა. კოლხეთში ოქროს საწმისის საძებრად მოსული არგონავტების მეთაური იაზონი მედეამ ისე შეიყვარა, რომ ამ სიყვარულის ტრაგიკულ ისტორიას მთელი ანტიკური ლიტერატურა განადიდებს. მედეამ ისე იძია შური, რომ ის ვეღარასდროს დაივიწყეს.
როდესაც შავი ზღვის პირას ელინური ახალშენები გაჩნდა, ამ დაუვიწყარ  ქალაქებს იქ  დაუხვდა ძველი კოლხეთი, დღეს კი მეცნიერები ამბობენ, რომ ის, რაც შავი ზღვისპირეთში ელინებს დახვდა, საკმაოდ ძლიერი იყო. ამიტომ, გამოვიდა კულტურათა უცნაური ნაზავი, რომელიც უბრალო სამკაულს და დოქსაც კი ეტყობა. ეს ისაა, რაც კოლხებმა მისცეს ელინურ კულტურას, და ისიც, რაც მიიღეს მისგან.
ბერძენი და რომაელი ავტორები, ასევე ელინი მოახალშენეები, დარწმუნებულნი იყვნენ არგონავტების ექსპედიციის სინამდვილეში. მედეა, მისი მამა აიეტი, მამიდები, პირველი ევროპელის, მინოსის ცოლი, პასიფაე და დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში დამკვიდრებული კირკე, მიიჩნეოდნენ კავკასიისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის დამაკავშირებელ ძირითად ფიგურებად.
მედეას ხანის კოლხეთში II ათასწლეულის დასახლების აღმოჩენაზე თავის დროზე ოცნებობდა ჰაინრიხ შლიმანი, მედეა კი, საუკუნეების განმავლობაში დარჩა კავკასიისა და საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაიდენტიფიცირებელ სიმბოლოდ.