ლელო
ლელო ძველისძველი საბურთაო თამაშია. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარსულში მოიძებნება ისეთი შეჯიბრი, ორ გუნდად გაყოფილი ქალაქი, თუ სოფელი, რომ ერთი დიდი, მძიმე ბურთის დანიშნულ  ადგილამდე  მიტანას  ცდილობს.
სხვაობა, ალბათ იმაშია, რომ საქართველოში ლელოს კვლავ თამაშობენ დიდი გულითა და თავგანწირვით, მეტყველებაში კი დამკვიდრებულია სიტყვათშეთანხმება ლელოს გატანა, რაც  ოფლითა და ჭაპანწყვეტით დასახული მიზნის მიღწევას გულისხმობს.
უკიდეგანო ემოცია, ერთი შეხედვით, უმიზნო სიმამაცე, ერთობა, სიცოცხლის და გამარჯვების ჟინი, ლელოში რომ ცოცხლობს, სპორტულად ახლა რაგბშია გამოხატული, თუმცა, ლელოს არსი დიდად სცდება სპორტულ მნიშვნელობას და ადამიანის არქაული სილამაზის ერთ-ერთ გამოვლინებად  რჩება.
ამ თამაშის ძირი წარმართულ კულტურაში ძევს, მძიმე, სანუკვარი ბურთი, სხვა არაფერია, თუ არა მზე, რომლის მოპოვება და შენს სამკვიდროზე მიტანა, სიცოცხლის აუცილებელი პირობაა. გასაკვირიც არაა, რომ ლელოს გასატანად ყველაფერი უნდა გაიღო.