khorumi-(1).jpgხორუმი
ხორუმი ძველი ქართული ცეკვაა, ზღვისპირეთიდან, აჭარის რეგიონიდან. ის ერთგვარ საბრძოლო წესრიგს, ერთობას და ძალმოსილებას გულისხმობს.
ხორუმი ძველია, როგორც ყოველი ქართული ცეკვა და სრულად ასახავს საქვეყნო ყოფის სურათს. მთელი სურათი საბრძოლო მექანიზმისა ხორუმში წარმოჩენილია სრულად და ჰარმონიულად, უპირატესი წესრიგით.
ცეკვა დაზვერვით, ფრთხილად იწყება და მერე გადაიზრდება საბრძოლო მწყობრთა მოწვევაში, საბოლოოდ კი მოცეკვავენი წრიულად ადგებიან ერთმანეთს მხრებზე და აუღებელ ციხეს, გოდოლს აშენებენ.
ხორუმი მხოლოდ ერთი მაგალითია.
საქართველოში ყოველ რეგიონს თავისი ცეკვა აქვს, და არაერთი. ყოველ ცხოვრებისეულ ვითარებას: ომს, ლხინს, სიყვარულს თუ სხვა ათასს, ქართველები ცეკვითაც მკვეთრად გამოხატავენ. ქართული ცეკვა სიხისტისა და სინაზის უცაბედი მონაცვლეობის, გრძნობათა უსაზღვროების სპექტაკლია. აქ თითქოს ყველაფერი კაცია, მაგრამ ყველგან იგრძნობა უხილავი ქალის არსებობა. ქალი ნაზი და ფრთხილია, ის ვითომდა გაურბის კაცს, თან კი მისი მოიმედეა, მაგრამ როცა კი კაცები იბრძვიან, მათ შუა სწორედ ქალი აღმოცენდება ხოლმე და მანდილის ჩაგდებით აწყვეტინებს ორთაბრძოლას.
ქართულ ცეკვას უამრავი ინტონაცია, თავისებურება აქვს. საბოლოოდ კი, როგორც ერთმა ქართველმა მწერალმა თქვა, ეს არის ქართული გენია, როკვით განფენილი.