ქვევრი
ქვევრი მარცვლეულის და ღვინის შესანახი თიხის ჭურჭელია, დიდი, კვერცხის ფორმისა და კონუსისებური ბოლოთი.
მისი ოსტატები დღესაც საქმიანობენ საქართველოში, რადგან, იმის მიუხედავად, რომ ხმელთაშუა და შავი ზღვების ბევრ ქვეყანაში ის მხოლოდ ისტორიის  და მუზეუმის ნაწილად დარჩა, საქართველოში ის კვლავ ცოცხალია. სულ მცირედ რომ ვიკვლიოთ სიტყვა ქვევრის ქართული ძირი, მივხვდებით, რომ საქართველოში ქვევრებს მიწაში ფლავენ და, შესაბამისად, ღვინოსაც მიწაში ინახავენ. 
საქართველო  ვაზის ქვეყანაა, უფრო მეტად კი ღვინის. აქ თითქმის ყველა  გლეხს, დიდი თუ არა, პატარა  ვენახი აქვს და საკუთარ ღვინოს აყენებს. ღვინო კი საქართველოში სწორედ ქვევრში ყენდება. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ღვინის დაწურვის, შენახვისა და მოხმარების არქაული წესებია შემონახული, რაც მეღვინეობის სხვა ცენტრებში დაკარგულია.
საქართველოს ტყეებში დღემდე შემორჩენილია ველური ვაზი, მეცნიერული მონაცემები კი გვიჩვენებს, რომ ვაზის მოშინაურება მართლაც აქ მოხდა: მსოფლიოში ჯერჯერობით უძველესი კულტურული ვაზის ნამარხი წიპწები აღმოჩენილია საქართველოში, ნეოლითური ხანის ნამოსახლარებზე ხრამისა და მაშავერის ორმდინარეთში. ნამოსახლარები ძვ.წ. VI ათასწლეულს განეკუთვნება.
საქართველოში ვაზის 500-მდე საღვინე და სუფრის ჯიშია ცნობილი, ვაზის ქართული ჯიშების სახელწოდებები, კი როგორც წესი, იმ მიკროზონასთან არის დაკავშირებული, სადაც ესა თუ ის ჯიშია გავრცელებული, რაც მის ადგილობრივ წარმოშობაზე მეტყველებს.
როგორც წარმართულ, ისე ქრისტიანულ საქართველოში, ყურძენს, სრულიად საკრალური მნიშვნელობა აქვს.
ქვევრი კი უკვდავია, 2013 წელს ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.