ფიროსმანი
მაღალი, ხმელი, მარტოხელა კაცი, არცთუ მოვლილი სამოსით, ძუნწი სიტყვა-პასუხითა და დარდიანი გამოხედვით, ერთხანს რკინიგზის კონდუქტორი, მერე უიღბლო წვრილი ვაჭარი, რომელიც სამოც წელს მიტანებული, უპატრონოდ გარდაიცვალა პირველი მსოფლიო ომის მიწურულს და მისი საფლავიც სამუდამოდ გაქრა.
ნიკო ფიროსმანი ერქვა ამ კაცს, თვითნასწავლ მხატვარს, გენიოსს და ჯადოქარს, რომლის გარეშეც საქართველო კარგა ხანია წარმოუდგენელია. საქართველო რომ სადღაც გადამალულიყო და თავისი არსებობის მოწმობად მხოლოდ ფიროსმანის ტილოები გამოეფინა, მის შესაცნობად მეტი არაფერი იქნებოდა საჭირო.
მაგრამ ქართული სახვითი ხელოვნება, არ იწყება და არ მთავრდება ფიროსმანით.  ფიროსმანს  ზურგს უმაგრებს მრავალსაუკუნოვანი ქართული კედლის მხატვრობა,  მე-19 საუკუნის თბილისური პორტრეტი, მთელი კულტურული სივრცე და ტრადიცია. ფიროსმანის დროება კი ქართული მხატვრობის ბუმის პერიოდია. ქვეყნის ხანმოკლე  დამოუკიდებლობაც (1918-1921 წ.წ.), თითქოს ამის ნიშანია. მანამდე კი,  მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ქართველი მხატვრები წვდებიან პარიზს, მერე კი მოდის ქართული ავანგარდი, ასევე, „ქართველ ხელოვანთა საზოგადოება“, რომლის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც, ეროვნულ ფასეულობათა შეგროვება და გადარჩენა იყო. დაპყრობილი ქვეყნისთვის ეს ყოველთვის მნიშვნელოვანი რამაა. 
სწორედ ამ თვისებამ თავიდანვე განაპირობა ევროპული და ქართული ავანგარდული მხატვრობის ერთგვარი, მაინც მნიშვნელოვანი, სხვაობა. მხატვართა შორის ერთადერთ თეორეტიკოსს – დავით კაკაბაძეს მიაჩნდა, რომ თანადროული ქართული ხელოვნება უნდა ყოფილიყო „თანამედროვე და ეროვნული“ და, ამასთანავე, გაება უხილავი ძაფები ევროპასთან. ამ ეპოქაში საქართველო გლობალურ სახელოვნებო პროცესთან თანაზიარი იყო.
მერე კი დადგა საბჭოთა ეპოქა: წნეხის, შევიწროების, ჩაკეტილობის, ფარული გამოფენების, ოფიციალური და არაოფიციალური მხატვრობის ათწლეულები, რასაც აუცილებლად მოჰყვა თავისუფლება. თავისულფებას კი შემოქმედების გათავისუფლება და ღიად მონაწილეობა მსოფლიო პროცესში.