ცდა
საქართველო ცდის ქვეყანაა.
ის დღესაც ცდაა.
მისი ისტორია ცდათა თითქმის უწყვეტი ჯაჭვია. თითქოს იმიტომ, რომ ხდებოდა ხოლმე, რომ საქართველოს ცდის თავიც არ ჰქონდა. საქართველოს მარადი ცდა ამ წყვეტა-აღდგენების დროს იყო უკეთეს სამყაროს მიწვდომა. უკეთეს სამყაროდ საქართველოს ევროპა მიაჩნდა.
რამდენი ეპოქაა საქართველოს უკეთესი შვილები, იმ მღელვარე ზღვის როგორღაც გადალახვით, ტყვეობით, წვალებით და სიდუხჭირით, მიაღწევდნენ ხოლმე ევროპის სამეფო კარებს.
ცდა ცდად რჩებოდა.
საქართველო დღესაც ცდილობს. ის ცდილობს ისე, როგორც ყოველთვის. ცდილობს, რათა მოხვდეს იქ, სადაც ყოველთვის სურდა, რომ ყოფილიყო. ამ ცდებში საქართველო უწყვეტი რეფორმების და ამ რეფორმების კენწეროში მდგომი ერთადერთი სიტყვის ქვეყანაა. ეს ფრაზა, ისე გამოყურება, როგორც ყოველთვის: ევროპა.
ამ განუწყვეტელ ცდებში, საქართველო სამოქალაქო ომის ქაოსიდან იქცა ქვეყნად, სადაც, ყოველ ათ ნაბიჯში ტურისტს შეხვდები. ასევე, უცებ აღმოჩნდა, რომ ის მესამეა მსოფლიოში კრიმინალის სიმცირის მხრივ. კიდევ მრავალი რამ აღმოჩნდა.
საქართველო კვლავაც ცდაა.
ცდაა, მოატყუოს თავისი ვერაგი გეოგრაფია და იყოს იქ, სადაც, როგორც კი ამოისუნთქავდა, სურდა, ყოფილიყო.