დმანისის ადამიანი
ქართველმა და გერმანელმა არქეოლოგებმა, ძველი ქართული ქალაქის, დმანისის გათხრებისას აღმოაჩინეს ადამიანის შორეული წინაპრის ორი თავის ქალა.
ეს თავის ქალები ასაბუთებს, რომ ადამიანის წინაპარი აფრიკიდან დაიძრა, მოვიდა  სამხრეთ კავკასიაში და სწორედ აქედან დაიძრა ევროპის გულისკენ. სწორედ ამიტომ უწოდებენ მეცნიერები ამ ნაშთებს ევროპის უძველეს ადამიანებს. 
დმანისი უამისოდაც გამორჩეული ადგილი იყო არქეოლოგებისთვის. აქაურობის შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო. 1991  წელს კი დმანისი სენსაციური აღმოჩენის ადგილად  იქცა. აქ იპოვნეს უძველესი ჰომინიდის ქვედა ყბა. 2000 წელს ყბას თავის ქალებიც მოჰყვა. ამ აღმოჩენას მსოფლიო  მედიის დიდი  ყურადღება მოყვა. სი-ენ-ენიდან ფიგარომდე, ყველა დმანისს მოაწყდა.
აღმოჩენამ კი, მეცნიერებს საშუალება მისცა, დაკვირვებოდნენ 1,8 მილიონი წლის წინანდელ პოპულაციას. დღეს დმანისში უკვე ხუთი ასეთი თავის ქალაა აღმოჩენილი. ამ აღმოჩენებმა  დაადასტურა, რომ დმანისური აღმოჩენა უძველესია მსოფლიოში, აფრიკის გარეთ ნაპოვნ ნიმუშებს შორის. 
ამათ შორის განსაკუთრებულია მრავალფეროვნებით გამორჩეული დმანისელი ჰომო ერეკტუსის თავის ქალა. დმანისელი ჰომინიდი უფრო პრიმიტიულია, ვიდრე აფრიკის გარეთ, აზიაში ნაპოვნი ჰომო ერეკტუსი.