შერეკილები
თითქმის ნახევარი საუკუნის წინათ, ქართველმა მწერალმა რეზო გაბრიაძემ დაწერა წიგნი იმის შესახებ, თუ საგიჟეთში მოხვედრილმა ექსცენტრიულმა ფიზიკოსმა და შეყვარებულმა გლეხის ბიჭმა, ჟიულ ვერნის ოცნებებამდე ბევრად ადრე, როგორ ააგეს ცათმფრენი და როგორ აიჭრნენ ცაში. სამწუხაროდ, მათი ცათმფრენი მიწაზე ვეღარ დაეშვა და ოცნება ცას შეერია, სადაც გამომგონებლებს ანგელოზები შეეგებნენ.
წიგნის მიხედვით შესანიშნავი ფილმი გადაიღეს. სევდანარევი ტრაგი-კომიკურობით გაჯერებული დიალოგები საქართველოში პოპულარულ ფრაზებად და სლოგანებად გავრცელდა.
ძნელია ამატირო, მაგრამ ქართული კინო კი მატირებს ხოლმეო, თქვა ერთხელ ფედერიკო ფელინიმ. ფილოსოფიური, ძალიან ჭკვიანური, ფერადოვანი, იმავდორულად კი ბავშური, სრულიად უნიკალური ფენომენიაო.
ქართული კინო ფესტივალების გმირი ყოფილა კანიდან სიეტლამდე, მაგრამ უპირველსად ის არის საქართველოს მხატვრული იერი, მისი დგომი, მისი ინტონაცია, ფიქრი, მისი სასურველი მდგომარეობა. ქართული კინო ყოველთვის განასახიერებს საქართველოს. საბჭოთა წნეხის, ცენზურის, სამოქალქო ქაოსის თუ სხვა ათასის მიუხედავად, ის ყოველთვის იყო მშვენიერი ხელოვნება.
მისი ერთ-ერთი ტრადიცია ლიტერატურასთან მჭიდრო თანამშრომლობაა. ვერ იტყვი, რომ ქართული კინო ეკრანიზაციის კინოა, ის უფრო გადააზრების დიდოსტატობაა.
შერეკილებიც ამის შედეგია. წიგნის და მერე ფილმის სათაურში გაცოცხლებული სიტყვა კი ნიშნავს სააზროვნო ნორმიდან პოზიტიურად გადახრილ ადამიანს.