წყალი
საქართველო წყლის ქვეყანაა. საქართველოში მოგზაური კაცი ჯერ კიდევ შეხვდება ასეთ სცენას, რომ გზის პირას მგზავრები მანქანას გააჩერებენ და ყოველგვარი ჭიქისა და ბოთლის გარეშე, პირდაპირ დაეწაფებიან წყალს, რომელიც საიდანღაც, უფრო ხშირად კლდიდან გადმოჩუხჩუხებს სრულიად დაუნანებლად.
ეს ძველისძველი სცენაა, რომელიც ვერაფერმა შეარყია. ჯერ კიდევ  ყველა წყარო არ მოქცეულა ბოთლში და მათი სახალხოდ გამოყენება შეიძლება.
წყაროს წყალივით ანკარაო, ხმამაღლა მღერიან ერთ ქართულ სიმღერაში და ეს წყაროები კვლავაც ცოცხალია. წყალი ყოველთვის მგზავრის იმედი იყო და საქართველო კი წყლის ქვეყანაა, წყაროების, ღელეებისა და მდინარეებისა.
საეჭვოა, რომელიმე ქვეყნის პოეტებს დაეწეროთ იმდენი ლექსი რომელიმე მდინარის შესახებ, ქართველ პოეტებს რომ მდინარე არაგვის შესახებ დაუწერიათ.
რას ნიშნავს ეს? ვინ იცის. ალბათ უფრო მადლობას, რომ არასდროს დარჩები მწყურვალი. სტატისტიკისთვის კი, საქართველოში 26060 მდინარეა, 860 ბუნებრივი ტბა, 800-მდე მყინვარი და 200-მდე მინერალური წყლის წყარო.