ძაფი
ძაფი, კერვა, ქარგვა, ქსოვა, დახვეწილი ხელი, მხოლოდ შენი გემოვნება, საქართველოს  უყვარს თავისი ეროვნული სამოსიც და საერთოდ, მოხდენილობაც.
ქართული ეროვნული სამოსი სრულიად ასახავს იმ მულტიკულტურულობას, საქართველომ რომ ნებით, თუ იძულებით გამოიარა საუკუნეთა განმავლობაში. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ყოველ იმ ეროვნულ სამოსს, აზიიდან მოვიდა ის საქართველოში, ევროპიდან, თუ კავკასიის გადაღმიდან, ქართული განწყობა დაეტყო და დროთა განმავლობაში ისე იცვალა სახე, რომ მის წინამორბედს არც დაესიზმრებოდა. 
ქართული ტრადიციული სამოსის არსი ერთია: ის ადამიანს ალამაზებს, ოღონდ მოითხოვს, რომ გაცემულ სილამაზეს მზად დაუხვდე. სხვანაირად ის სასაცილოა.
ქართული სამოსის მორგება და მოხდენა ქართულად ლექსის წერას გავს. ძნელია, რომ ქართულად ლექსის წერისას ის ყალბი და ხელოვნური არ  გამოგივიდეს. ეს ალბათ იმიტომაა, რომ პოეზიას ნაჩვევი ეს ენა მუსიკის, გემოვნების და შემოქმედების მაღალ დონეს ითხოვს.
ქართული სამოსიც ასეა. ძაფი, რომელიც მასში დაძვრება, როგორც წესი, უხილავი და  ვირტუოზულად მიმალულია, სხეული კი, რომელსაც ის ერგება, საჩუქრისთვის მზად უნდა იყოს.