ჩაკრულო
ერთი ქართული დამოკიდებულება შეიძლება ასეც ჟღერდეს: ჩვენ კოსმოსური ხომალდები არ გვიშენებია და არც კოსმონავტები გვყავს. არც საგალაქტიკო საკითხებზე გვიფიქრია, მაგრამ მაინც ვართ კოსმოსში. თუნდაც იმიტომ, რომ 1977 წელს, როცა ნასამ გალაქტიკაში დედამიწის ხმების გაგზავნა გადაწყვიტა და გაგზავნა კიდეც, სამყაროს ერთ-ერთ მთავარ ხმად ქართული მრავალხმიანი ხალხური სიმღერა „ჩაკრულო“ აირჩია.
საქართველო უნიკალური მუსიკალური კულტურის ქვეყანაა, ქართველები მღერიან მრავალხმიანად,  უძველეს, ფილიგრანულად დამუშავებულ სიმღერებს. პოლიფონიური სიმღერა ამ ქვეყნის უპირველესი ხმაა მსოფლიოში.  ქართული მუსიკალური კულტურა იუნესკომ "მსოფლიოს არამატერიალური, სულიერი საგანძურის შედევრად" გამოაცხადა 2001 წელს.
არავინ იცის, რა იქნებოდა საქართველო, სიმღერა რომ არ არსებულიყო. თითქოს ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ამ ქვეყნის სულს საყრდენი არასდროს შერყეოდა.
ჩაკრულო კი ერთად შეკრებილ, გასაჭირის წინაშე მდგომ უბრალო ადამიანთა სიმღერაა; ხმლის იმედით, მოსალოდნელი ხიფათით, ერთგვარი გამოუვალობით, მაგრამ ძალმოსილების გრძნობით სავსე ჰარმონია, მოთხრობილი ხმათა იმგვარი ერთობით, გამარჯვების აშკარა საყრდენს რომ შეიცავს.
კოსმოსურ ფოსტაში რომც არ მოხვედრილიყო, ქართული სიმღერა მაინც კოსმოსში იქნებოდა, რადგან როგორც ქართველები იტყვიან ხოლმე, ჩვენი სიმღერა ცასა სწვდება.