anbani-(2).pngანბანი
იოლი სათქმელია,  მაგრამ დახლართულად წარმოსადგენი: საქართველომ შექმნა ქართული ანბანი და  ქართულმა ანბანმა შექმნა საქართველო. ქართული ანბანი სამია:  მრგვლოვანი, ნუსხური და მხედრული. ეს სამობა საუკუნეთა  განმავლობაში მრგვლოვანის განვითარების შედეგია. თანამედროვე ქართული ანბანი - მხედრულია. ის 33 ასო-ნიშნისგან შედგება და მხოლოდ ქართულია. ის მსოფლიოში არსებულ  ანბანთა შორის ერთ-ერთი უძველესია. 2016 წელს იუნესკომ ქართული ანბანი კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრობად აღიარა.
ქართული ანბანით ნაწერი უძველესი ნიმუშები ახ. წ. მეოთხე საუკუნეს განეკუთვნება. თუმცა, ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ ქართული ანბანი გაცილებით ადრინდელია.
ქართული ლიტერატურა მეხუთე საუკუნიდან დღემდე ქართულ ანბანზე იქმნებოდა და უწყვეტად ვითარდებოდა. საინტერესო კი ის არის, რომ თექვსმეტი საუკუნის წინანდელი ქართული ლიტერატურული ტექსტი დღევანდელი ქართველი მკითხველისთვისაც გასაგები და იოლად  აღსაქმელია. ეს ფენომენი ჩვენი ენის ისტორიული ქსოვილის მთავარი ღერძია.
ქართულ ანბანში ყოველი ბგერა ერთი ასოა და თუ უცხოელთათვის მისი მოხაზულობა ფენტეზის კლასიკური რომანიდან ამოღებულ, მოგონილ დამწერლობას ჰგავს, ქართველებისთვის ამ ანბანზე  ბუნებრივი და შესისხლხორცებული არაფერია,
რადგან ეს ისაა, რაც  მხოლოდ  ქართულ ხმას აღბეჭდავს უხსოვარი დროიდან.