გეორგია
ეს ის სიტყვაა, რომლითაც უცხოელები მოიხსენიებენ ქვეყანას,  რომელიც საკუთარ თავს საქართველოს, ქართველების ქვეყანას ეძახის. თუ ანტიკურობიდან მოყოლებული კოლხეთი დასავლეთ საქართველოს აღნიშნავდა, იბერია კი აღმოსავლეთ საქართველოს, გეორგია მთლიანად  საქართველოს სახელი იყო.
ამბობენ, რომ  საუკუნეთა ბინდბუნდიდან მომავალი ეს სიტყვა,  გულისხმობს ელინთა აღქმას,  რომ ეს მიწათმოქმედთა ქვეყანაა. ეგებ ეს სწორი აღქმა იყო, რისთვისაც ერთი გვიანდელი ქართველი მეფის ნათქვამიც საკმარისია: რა ამოწყდეს  გლეხი კაცი, საქართველო დაძაბუნდეს. თუმცა, ასევე ამბობენ,  რომ ამ სიტყვაში აღმოსავლური კვალიცაა. აგრეთვე, ცნობილია, რომ რომაელი მწერლები კავკასიის ხალხთა შორის გამოჰყოფდნენ ისევ და ისევ მიწათმოქმედ გეორგებს, გეორგელებს.
ამის შემდეგ კი მოდის სხვა გეორგია, ქრისტიანული, სადაც ქვეყნის უსაყვარლეს, უპირველეს მფარველად წმინდა გიორგი დგას. გიორგი  უხშირესი  სახელია საქართველოში  და  მრავალი კუთხით ეს ქვეყანა მართლაც გეორგიაა, თუმცა, თავად ქართველები მხოლოდ უცხოელთან საუბრისას მოიხსენიებენ ასე თავიანთ ქვეყნას.